Tag Archives: zviad

‘გაჭირვება’ პიტნის არომატით


zfdgz

    ამ ამბის დაწერა  ჩემს დეიდაშვილთან საუბრის მერე გადავწყვიტე.  გუშინ დამირეკა და მთხოვა, ნინის  ‘ნატოზე’ ნახატის დახატვა დაავალეს, აზრზე არაა ნინი ‘ნატო’ რა არის და უნდა დაგვეხმაროო.   რატომ უნდა დაავალო მეორეკლასელს ’ნატოზე’ რამე დახატოსმეთქი, გავგიჟდი. ისედაც აქ ტელევიზია იქნება ,თუ ქუჩა, ყველა თემაზე აქტუალური პოლიტიკაა.   და  ძლივს, ნინიმ, რომელმაც ‘ნატო’ არ იცის, მასწავლებელი აიძულებს დახატოს. რამდენჯერმე ვყოფილვარ მსგავსს გამოფენებზე:  ‘ბავშვების თვალით დანახული ნატო’, ‘ნატო = გაბრწყინებულ საქართველოს’, ‘სტოპ რაშა’, ‘საქართველოსთან ხელჩაკიდებული ნატო’   და ათასი კვერცხობა.  ფერადი ფანქრების და ბავშვური მიამიტურობის ფონზე, ხო საერთოდ, ისეთი კონტრასტია,  გული აგერევა კაცს.

მერე  ჩემი პოლიტიზირებული ბავშვობა გამახსენდა.  ჩემი ზვიადისტური, შევარდნაძის ზიზით სავსე, პუტჩით, კვარაცხელიათი, კიტოვანი-სიგუათი, ჯაბა-ჯუბათი, სუკის აგენტებით, მხედრიონით და კიდევ ათასი ნაგვით გამოტენილი პატარა თავით და   სამჯერ გაუმარ-ჯოს , მესამე ჯოს განსაკუთრებით რიხიანად თქმული _ბავშვობა.

გამსახურდიას სიყვარული მშობლებისგან სარწმუნოებასავით მერგო.  დედაჩემი მიყვებოდა , რომ ერთ-ერთ მიტინგზე ზვიადმა ხელში ამიყვანა და მაკოცა, ღმერთო, როგორი ამაყი ვიყავი ამ ამბით, ყველას ვუყვებოდი, ახლაც კარგად მახსოვს..  ის იყო გმირი, რომელიც ბოროტ ურჩხულს ამარცხებს. (მერე, რომ წამოვიზარდე,  გადავწყვიტე გამეგო, ვინ იყო ზვიადი და რატომ მიყვარდა ასე ძალიან იგი, მისი წიგნები, წერილები, ლექსები ( sacra stella და კიდევ რამდენიმე ჩემი საყვარელი ლექსების სიაში შედის)

  1987 წელს დავიბადე.  89-ის 4 აპრილს  დედაჩემმა და მამაჩემმა თბილისში წამიყვანა მიტინგზე,  3 დღე იქ ვიყავით,  7 ში ჩემი ავადმყოფობის გამო ქუთაისში დავბრუნდით. მერე იყო 9 და ყველა დანარჩენი დღე, 9 აპრილის ინერციით. გაუთავებელი მიტინგები.. ბარაბას გზა, ან ღმერთის გზა.. დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან..  გაუმარრ-ჯოს!   ორი წიგნი, რომელიც ჩემში ყოველთვის ბავშვობასთან ასოცირდება:  ყდაზე მერაბ კოსტავას პორტრეტით  _ ‘შავლეგო’  და შავ-თეთრი წიგნი წითელი წარწერით ‘ 9 აპრილი’. ეს ის ორი წიგნია , რომლებიც  განსაკუთრებით მაინტერესებდა, ყველა გვერდი და ფოტო მახსოვდა, სად რა იყო.   კალენდარი 9 აპრილს დაღუპულთა პორტრეტებით . მახსოვს, ყველაზე მეტად ეკა ბეჟანიშვილი მეცოდებოდა, გოგო იყო და თან პატარა, ალბათ ამიტომ.   და კიდევ რამდენიმე უცნაური ბავშვური ასოციაცია მქონდა:  კვარაცხელიას რაღაც გადაცემა მიჰყავდა და გვარს რომ აცხადებდა,  სულ ძროხა მახსენდებოდა, დუდაევის ქუდი  ხალვის მეგონა და აშ.

  ერთ-ერთ მიტინგზე მამაჩემი დაიჭირეს. დედაჩემი შეშლილს გავდა, დარბოდა . ორი კვირის მერე მე და დედა სამზარეულოში ვისხედით და ეზოს კარები გაიღო, ფანჯრის მინიდან დავინახე მამაჩემი. ეს იყო ყველაზე ბედნიერი და მკვეთრი კადრი, რომელიც მეხსიერებაში მაქვს _ მამაჩემის დაბრუნება. წარბი და ტუჩი გახეთქილი ქონდა, იღიმოდა, როგორ ზუსტად მახსოვს.  აღმოჩნდა, რომ ცემისგან მუცელში ნაწლავები დაუზიანდა და ორი დღის მერე საავადმყოფოში დავაწვინეთ, ჭიპი ამოაჭრეს. დიდხანს ხუმრობდა, რომ სამშობლოს მხოლოდ ჭიპი შესწირა.

  და კიდევ ერთი პატარა ამბავი ჩემი ბავშვობიდან: საჭმელი არ იყო, დედაჩემმა კარადაში ბრინჯი იპოვა და გაკეთება გადაწყვიტა. შაქარი არ გვქონდა, ეზოში გავიდა და პიტნა დაკრიფა, მარილით და პიტნით შეაზავა მოხარშული ბრინჯი. მამაჩემს მოეწონა და კითხა, ამ საჭმელს რა ქვიაო. დედაჩემმა _ ‘გაჭირვებაო’.   

 ჩემი ბავშვობაც ასეთი იყო, უშაქრო, მაგრამ პიტნის არომატით.

წასვლისას ჩემს რამდენიმე ნახატს დაგიტოვებთ ბავშვობიდან. ბავშვები ფერად სახლებს, ბუშტებს, ყვავილებს, ხეებს და კიდევ რა ვიცი, ათას კარგ რამეს უნდა ხატავდნენ.

P.S. ვუძღვნი მწერალ გივი ტყეშელაშვილისა და ცირა ყურაშვილის შვილს_ შორენას და ყველას,ვისაც ჩემი ამბავი ოდნავ მაინც ეცნო.

DSC01270

DSC01271

zviadi

Advertisements