Tag Archives: Kutaisi

ბებიაჩემი


 

   ..ბებიაჩემისგან ჯვარი დამრჩა ოქროსი. სიკვდილამდე ორი წლით ადრე მითხრა, პენსია შევაგროვე და ჩემს სახელზე, რამე იყიდეო. ჯვარი ვიყიდე ბოლნისის.

ბებო თეთრი და მსუქანი იყო. ბოლო ათი წლის მანძილზე გასუქდა, რაც იაკობმა ფეხში დაჭრა, იმდენს ვეღარ მოძრაობდა და გასუქდა. მოკლედ, ბიძაჩემი ადრე მილიციელი იყო, ჰოდა თავისთავად იარაღიც ქონდა. იაკობს ისტერიკა დაემართა, სათამაშოდ უნდოდა. ბიძიამ ტყვიები გადმოყარა და მისცა. ერთი ტყვია ჩარჩენილა. იკომ ჯერ მეგის მიუშვირა, მერე ავთოს, ბოლოს ბებიას და ესროლა.  6 წლის იყო იკო, ბებო რო დაჭრა. ბებო სიკვდილამდე ყავარჯნით დადიოდა.  მაშინ ერთ-ერთ მეზობელს უთქვამს: კიდევ კარგი იკომ ავთოს რო არ ესროლა, თორე მთელი სოფელი იფიქრებდა, რო ძალით მოკლესო.  გაგიჟებული იყო ბებიაჩემი, შვილზე ეს როგორ მითხრაო.

ავთოს გამო მაგრად დაიტანჯა, მთელი ცხოვრების მანძილზე, თოთო ბავშვს ზრდიდა. ჯოჯოხეთში ვცხოვრობო, ბევრჯერ უთქვამს. სიკვდილის წინაც მარტო ავთოზე ჯავრობდა.

უცნაური დაავადება დაემართა, თავიდან ნელ-ნელა დასუსტდა და ჩაწვა,  ბოლოს გასივდა და კანის უჯრედებში წყალი ჩაუდგა. მეგის ემუდარებოდა, ჩემი  შველა თუ გინდა დანა დამარტყი და მომკალიო. ტიროდა მეგი.

ცოცხალი ბებიაჩემი, ამ კადრით შემორჩა მეხსიერებას: რო მივედი საწოლში იყო წამომჯდარი, თავზე კიკინა ეკეთა და იღიმოდა, ვიღაცეებს ელაპარაკებოდა , მგონი ვერც მიცნო. მახსოვს, შიშისგან ხელები როგორ გამეყინა. ბებო მოკვდაო, დარეკეს მერე.

ბებო რო მოკვდა, სკოლას ვამთავრებდი იმ წელს.  ძველ დღიურში, ყოველდღიურ ფაქტებს და ემოციებს რო ვინიშნავდი, ასე ავღწერ მაშინდელ შეგრძნებებს :

“…მივედი და თეთრი ზეწარი ეფარა. რაღაც უფორმოდ და დიდად მეჩვენა, ალბათ კანში ჩაგუბებული წყლის გამო. გამჭირვალე პარკში რომ წყალს ჩაასხამ და თავს მოუკრავ, ისე იყო. პანაშვიდებზე ვუყურებდი და მეგონა თითზე ნემსი რომ მეჩხუტა, დაიჩუტებოდა.

ბებიაჩემი მიწა იყო და წყლად იქცა.  ”

 

 

Advertisements

მეგი


ახლა, რო მითხრა,  გონებაში,  ოქროებით მოკაზმული  ბუდა  წარმოიდგინეო, წარმოვიდგენ და მას  აუცილებლად ბიცოლა მეგის სახე ექნება.

ტელევიზორთან მთვლემარეს, ვუყურებ ხოლმე და ვფიქრობ, როგორ გავს ბუდას. ბიცოლა ძალიან მსუქანია, თითებიც კი მრგვალი აქვს.  მხიარულია…როცა იცინის, კიდევ უფრო გავს ბუდას.

ახლაც, სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, საოცრად კმაყოფილი სახით, მშვიდად სძინავს ტელევიზორთან, მუცელზე თითებ-გადაჯვარედინებულს. თავისი განუყრელი  ოქროს სამკაულებით.

ღვთაებრივი სახე აქვს ბიცოლაჩემს.


მარსელ პრუსტის კითხვარი და მე


1.რა არის თქვენთვის  ბედნიერება

-არ ვიცი..  მგონი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ, უბრალოდ მაქვს წამები, ან წუთები, როცა მგონია, რო ვარ ბედნიერი. შეილება  ესაა ბედნიერება და მეტი არაფერი. ბედნიერება ალბათ არის ის, როცა უყვარხარ და გიყვარს ვინმე ერთი კაცი და გყავს ბევრი შვილი.

2.ხასიათის რომელი თვისება არ მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენში?

– უყურადღებობა, სიზარმაცე..

3.ყველაზე მეტად ხასიათის რომელი თვისება არ მოგწონთ სხვებში?

-ცინიზმი. ეს ერთადერთი რამეა, რაზეც კონტროლს ვკარგავ და ძაან აგრესიულად ვრეაგირებ.

4.ვინ არიან თქვენი საყვარელი მწერლები?

-ჯოისი,ჰამსუნი, უნამუნო,კამიუ, ბორხესი,ჩოხელი,დოჩანაშვილი, ქარჩხაძე..

5.რეალურ ცხოვრებაში ვინ არიან თქვენი გმირები?

-არ ვიცი, ვფიქრობ და არავინ მახსენდება. მგონი  რეალურ ცხოვრებაში გმირები არ მყავს.

6.რა შემთხვევაში იტყუებით?

-ძირითადად როცა რამე მეზარება, რამეს ვიგონებ და კიდე როცა სადმე ვაგვიანებ( სულ ვაგვიანებ).  დედაჩემმა მითხრა, რო როცა ტყუილს ვამბობ, თვალებს ბევრჯერ ვაფახულებ.

7.ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ თქვენს გარეგნობაში?

ელფივით წვეტიანი და გამოწეული ყურები და მათ ყოველთვის გრძელი თმებით ვმალავ. და კიდე მაღიზიანებს ეს შრამი ნეკნზე.

8.რომელ სიტყვებს თუ ფრაზებს იყენებთ ზედმეტად ხშირად?

-აუ.. ხოდა.. აი..  რავი.. ეეე..

9.ყველაზე მეტად რას ნანობთ?

-დაკარგულ დროს.

10.სად და როდის იყავი ყველაზე ბედნიერი?

-აუ, მართლა ვერ ვიხსენებ.

11.როგორია თქვენი ამჟამინდელი სულიერი მდგომარეობა?

-რთული. უფრო რას შევადარებდი იცი?  აი, გზაჯვარედინზე რო დგახარ და ერთი უბედურებაა ის რო არ იცი სად წახვიდე, და მეორე ის რო გეზარება სადმე წასვლა და არსადაც არ მიდიხარ.

12.რომელი თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად ადამიანში?

-ერთგულება.

13.ყველაზე მეტად რას აფასებ მეგობარში?

-იმას, რო ჩემი მეგობარია.

14.არჩევა რომ შეგეძლოთ, რისი ან ვისი სახით ისურვებდით ამქვეყნად მოვლენას?

აუ არ ვიცი.

15.როგორ ისურვებდი სიკვდილს?

-ავადმყოფობის გარეშე, უმტკივნეულოდ, უცებ.

16.უხამსი სიტყვა რომელსაც ხშირად იყენებ?

-ტრაკო. (არც ისე ხშირად ვიყენებ)

17.თქვენი საყვარელი წიგნი, ფილმი და მუსიკალური ნაწარმოები?

-წიგნები: ’ულისე’,’მისტერიები’,’ჰომო fაბერი’,’სამოსელი პირველი’,’პატარა უფლისწული’, ’წმინდა მანუელ სათნო წამებული’,’ქარავანი’… ფილმები:’გიორგობის თვე’, ’იყო შაშვი მგალობელი’ ’ნათება’, ’ანდრეი რუბლიოვი’, ’სტალკერი’,’სიბნელეში მოცეკვავე’, ’ცა ბერლინის თავზე,’თოჯინები’, ’ტოკიო’,’ამელი’,’თარგმანში დაკარგული’,’შემოდგომის სონატა’,…აუ მუსიკალური ნაწარმოებების ჩამოწერა მეზარება, ერთს დავწერ: ტომ უეითსი.

18.რას ნიშნავს შენთვის სამშობლო?

-მიწას, სადაც დავიბადე, სახლს, სადაც ვცხოვრობ, ხალხს, ვინც მიყვარს.

19.თქვენი დევიზი?

…ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.

20.თქვენი აზრით, რა არის უკიდურესი გაჭირვებული მდგომარეობა?

-როცა შენი არ ესმით. როცა სიყვარულს და სითბოს გასცემ და სანაცვლოდ ვერაფერს იღებ. როცა ვეღარ ხატავ.

21. თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები?

-წმინდა მანუელ სათნო,ექიმი რიე, პატარა უფლისწული, ძმები კეჟერაძეები, რემედიოს ბუენდია..

22. თქვენი საყვარელი მხატვარი?

ვან გოგი, გოგენი, რენუარი, მოდილიანი, კლიმტი, შიელე, შაგალი

23. თქვენი საყვარელი საქმიანობა?

-როცა გაუნძრევლად, ჩუმად ვზივარ და წყნარად,ჩემთვის ვსუნთქავ.  ხატვა. მიყვარს როცა საჭმელებს ვაკეთებ და  რამე ახალს ვიგონებ. კიდე ცეკვა და ფეხით სიარული.

24. თქვენთვის ნაცნობი რომელი ადამიანი გინდოდათ ყოფილიყავით?

-არავინ.

25. თქვენი ხასიათის მთავარი თვისება?

-ერთგულება.

26. რა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე დიდი უბედურება?

-საყვარელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალება.

27. როგორი გინდოდათ ყოფილიყავით?

-უფრო ლამაზი და უფრო ჭკვიანი

28. თქვენი საყვარელი ფერი?

-ყველა ფერი. ალბათ უფრო, მწვანე.

29. ყვავილი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?

-არ მიყვარს ყვავილები, უფრო სწორად, ყველა ერთნაირად მიყვარს.

30. თქვენი საყვარელი ფრინველი?

-ჩემი თუთიყუში თუთი და პატარა ყვითელი წიწილა

31. საყვარელი სახელები?

-ანნა, ქრისტინე , მაქსიმე,ლილუ

32. რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?

-რძეს და ხაშს

33. ისტორიული პიროვნება, რომელმაც თქვენი ზიზღი დაიმსახურა?

-ჰიტლერი

34. რეფორმა, რომელსაც თქვენ განსაკუთრებით უმაღლეს შეფასებას აძლევთ?

-ველოსიპედის გამოგონება

35. ნიჭი, რომელსაც გინდათ ფლობდეთ?

-მინდა შემეძლოს დროში მოგზაურობა და კიდევ ბავშვობიდან მინდა უჩინმაჩინის ქუდი, რო როცა მინდა და სადაც მინდა იქ შევიდე.

36. თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ მას თქვენთვის ეთქვა?

-ქრისტინე, კარგი გოგო ხარ.. მაბრაზებდი ხოლმე, მაგრამ, გოგო ხარ, ანგელოზი ხომ არა..