Tag Archives: bebia

ბებიაჩემი


 

   ..ბებიაჩემისგან ჯვარი დამრჩა ოქროსი. სიკვდილამდე ორი წლით ადრე მითხრა, პენსია შევაგროვე და ჩემს სახელზე, რამე იყიდეო. ჯვარი ვიყიდე ბოლნისის.

ბებო თეთრი და მსუქანი იყო. ბოლო ათი წლის მანძილზე გასუქდა, რაც იაკობმა ფეხში დაჭრა, იმდენს ვეღარ მოძრაობდა და გასუქდა. მოკლედ, ბიძაჩემი ადრე მილიციელი იყო, ჰოდა თავისთავად იარაღიც ქონდა. იაკობს ისტერიკა დაემართა, სათამაშოდ უნდოდა. ბიძიამ ტყვიები გადმოყარა და მისცა. ერთი ტყვია ჩარჩენილა. იკომ ჯერ მეგის მიუშვირა, მერე ავთოს, ბოლოს ბებიას და ესროლა.  6 წლის იყო იკო, ბებო რო დაჭრა. ბებო სიკვდილამდე ყავარჯნით დადიოდა.  მაშინ ერთ-ერთ მეზობელს უთქვამს: კიდევ კარგი იკომ ავთოს რო არ ესროლა, თორე მთელი სოფელი იფიქრებდა, რო ძალით მოკლესო.  გაგიჟებული იყო ბებიაჩემი, შვილზე ეს როგორ მითხრაო.

ავთოს გამო მაგრად დაიტანჯა, მთელი ცხოვრების მანძილზე, თოთო ბავშვს ზრდიდა. ჯოჯოხეთში ვცხოვრობო, ბევრჯერ უთქვამს. სიკვდილის წინაც მარტო ავთოზე ჯავრობდა.

უცნაური დაავადება დაემართა, თავიდან ნელ-ნელა დასუსტდა და ჩაწვა,  ბოლოს გასივდა და კანის უჯრედებში წყალი ჩაუდგა. მეგის ემუდარებოდა, ჩემი  შველა თუ გინდა დანა დამარტყი და მომკალიო. ტიროდა მეგი.

ცოცხალი ბებიაჩემი, ამ კადრით შემორჩა მეხსიერებას: რო მივედი საწოლში იყო წამომჯდარი, თავზე კიკინა ეკეთა და იღიმოდა, ვიღაცეებს ელაპარაკებოდა , მგონი ვერც მიცნო. მახსოვს, შიშისგან ხელები როგორ გამეყინა. ბებო მოკვდაო, დარეკეს მერე.

ბებო რო მოკვდა, სკოლას ვამთავრებდი იმ წელს.  ძველ დღიურში, ყოველდღიურ ფაქტებს და ემოციებს რო ვინიშნავდი, ასე ავღწერ მაშინდელ შეგრძნებებს :

“…მივედი და თეთრი ზეწარი ეფარა. რაღაც უფორმოდ და დიდად მეჩვენა, ალბათ კანში ჩაგუბებული წყლის გამო. გამჭირვალე პარკში რომ წყალს ჩაასხამ და თავს მოუკრავ, ისე იყო. პანაშვიდებზე ვუყურებდი და მეგონა თითზე ნემსი რომ მეჩხუტა, დაიჩუტებოდა.

ბებიაჩემი მიწა იყო და წყლად იქცა.  ”

 

 

Advertisements