Tag Archives: ხელოვნება

ბებიაჩემი


 

   ..ბებიაჩემისგან ჯვარი დამრჩა ოქროსი. სიკვდილამდე ორი წლით ადრე მითხრა, პენსია შევაგროვე და ჩემს სახელზე, რამე იყიდეო. ჯვარი ვიყიდე ბოლნისის.

ბებო თეთრი და მსუქანი იყო. ბოლო ათი წლის მანძილზე გასუქდა, რაც იაკობმა ფეხში დაჭრა, იმდენს ვეღარ მოძრაობდა და გასუქდა. მოკლედ, ბიძაჩემი ადრე მილიციელი იყო, ჰოდა თავისთავად იარაღიც ქონდა. იაკობს ისტერიკა დაემართა, სათამაშოდ უნდოდა. ბიძიამ ტყვიები გადმოყარა და მისცა. ერთი ტყვია ჩარჩენილა. იკომ ჯერ მეგის მიუშვირა, მერე ავთოს, ბოლოს ბებიას და ესროლა.  6 წლის იყო იკო, ბებო რო დაჭრა. ბებო სიკვდილამდე ყავარჯნით დადიოდა.  მაშინ ერთ-ერთ მეზობელს უთქვამს: კიდევ კარგი იკომ ავთოს რო არ ესროლა, თორე მთელი სოფელი იფიქრებდა, რო ძალით მოკლესო.  გაგიჟებული იყო ბებიაჩემი, შვილზე ეს როგორ მითხრაო.

ავთოს გამო მაგრად დაიტანჯა, მთელი ცხოვრების მანძილზე, თოთო ბავშვს ზრდიდა. ჯოჯოხეთში ვცხოვრობო, ბევრჯერ უთქვამს. სიკვდილის წინაც მარტო ავთოზე ჯავრობდა.

უცნაური დაავადება დაემართა, თავიდან ნელ-ნელა დასუსტდა და ჩაწვა,  ბოლოს გასივდა და კანის უჯრედებში წყალი ჩაუდგა. მეგის ემუდარებოდა, ჩემი  შველა თუ გინდა დანა დამარტყი და მომკალიო. ტიროდა მეგი.

ცოცხალი ბებიაჩემი, ამ კადრით შემორჩა მეხსიერებას: რო მივედი საწოლში იყო წამომჯდარი, თავზე კიკინა ეკეთა და იღიმოდა, ვიღაცეებს ელაპარაკებოდა , მგონი ვერც მიცნო. მახსოვს, შიშისგან ხელები როგორ გამეყინა. ბებო მოკვდაო, დარეკეს მერე.

ბებო რო მოკვდა, სკოლას ვამთავრებდი იმ წელს.  ძველ დღიურში, ყოველდღიურ ფაქტებს და ემოციებს რო ვინიშნავდი, ასე ავღწერ მაშინდელ შეგრძნებებს :

“…მივედი და თეთრი ზეწარი ეფარა. რაღაც უფორმოდ და დიდად მეჩვენა, ალბათ კანში ჩაგუბებული წყლის გამო. გამჭირვალე პარკში რომ წყალს ჩაასხამ და თავს მოუკრავ, ისე იყო. პანაშვიდებზე ვუყურებდი და მეგონა თითზე ნემსი რომ მეჩხუტა, დაიჩუტებოდა.

ბებიაჩემი მიწა იყო და წყლად იქცა.  ”

 

 

Advertisements

მეგი


ახლა, რო მითხრა,  გონებაში,  ოქროებით მოკაზმული  ბუდა  წარმოიდგინეო, წარმოვიდგენ და მას  აუცილებლად ბიცოლა მეგის სახე ექნება.

ტელევიზორთან მთვლემარეს, ვუყურებ ხოლმე და ვფიქრობ, როგორ გავს ბუდას. ბიცოლა ძალიან მსუქანია, თითებიც კი მრგვალი აქვს.  მხიარულია…როცა იცინის, კიდევ უფრო გავს ბუდას.

ახლაც, სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, საოცრად კმაყოფილი სახით, მშვიდად სძინავს ტელევიზორთან, მუცელზე თითებ-გადაჯვარედინებულს. თავისი განუყრელი  ოქროს სამკაულებით.

ღვთაებრივი სახე აქვს ბიცოლაჩემს.


ავთო


დღეს ჩამოვედი სოფლიდან, იაკობის დაბადების დღე იყო. მთელი დღეა მუცელი მტკივა და სახეზე სანთლის ფერი მადევს.

ავთოს ვაკოცე და ისე წამოვედი. მთელი გზა ჩუმად ვიყავი და ვფიქრობდი, სხვები ლაპარაკობდნენ.  ავთო სოფელში ყველაზე უფრო მიყვარს და არ მეზარება, როცა ვკოცნი. ალბათ სოფელში მე ის  გამონაკლისი ვარ, ვინც ავთოს კოცნის.

ვიფიქრე და მგონი კარგი იქნება, ბიძაზე, ბიცოლაზე და ჩემებზე თუ დავწერ რამეს. საინტერესო ოჯახია, წიგნი შეიძლება დაწეროს კაცმა, ან ფილმი გადაიღოს. იდეალური ოჯახისგან შორს დგას, მაგრამ საინტერესო მართლა ეთქმის.

ბებია და ბაბუა უკვე ცოცხლები აღარ არიან. უზარმაზარ სახლში ბიძა, ბიცოლა და ბიძაშვილები,  თემო და იაკობი ცხოვრობენ.

და ავთო.  ავთოც ბიძაჩემია, მამაჩემის უფროსი ძმა.  ავთო იმ დიდ სახლში  არ ცხოვრობს, ცაკლე ოთახი აქვს ეზოში და სულ იქაა. ძირითადად ფანჯარასთან ზის. როცა სოფელში მივდივარ, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ზის და მელოდება. ფანჯარასთან ყოველთვის ზურგით ზის, კარებს უყურებს, შუქი ყოველთვის ზურგზე ეცემა და სახე  ჩრდილში აქვს, შავი კონტურებით ვკითხულობ ნაკვთებს, ოდნავ, ცხვირის კეხთან ეცემა შუქი. ვერ მოძრაობს ,კუნთების მილევა, თუ რაღაც დაემართა ყველაფერთან ერთად და მარილებმა სულ მთლად გააქვავეს.  მოკლედ, მე ვერ ვერკვევი ასეთ სამედიცინო ტერმინებში. ადრე, ბავშვობაში ჯოხით მახსოვს,  ნელ-ნელა, ძლივს დადიოდა. სახლის წინ გამოდიოდა და იქაც მთელი დღე იცდიდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს კადრები: მე, მამა და დედა ჩვენი ლურჯათი (მამაჩემის ლურჯ ’06’ ს ვეძახდით ასე) პიპინ-პიპინით ვუახლოვდებით სოფლის ჭიშკარს და იქ ავთო იცდის ჯოხზე დაყრდნობილი, ხმამაღლა , გულიანად იცინის, გაურკვეველი ბგერებით გამოხატავს სიხარულს და მამაჩემს  ‘ტტტ ‘ს დედას ‘გგგ ‘ ს და მე ‘ქქქ’ ს მეძახის….

ავთოს არასოდეს ვეძახდი ძიას.   ჯერ ‘ათო’  იყო და მერე ავთოა.

ბავშვობაში ბატონები გაუჯავრდა, თუ რაღაც, ზუსტად არ ვიცი, სოფელში ქუნთრუშას ეძახიან მგონი . მოკლედ ექიმის უყურადღებობით სიცხე ვერ დაუგდეს და სალაპარაკო ნერვი გადაეწვა. პირველ, თუ მეორე კლასში ყოფილა.მამას კარგად ახსოვს, როგორი იყო მანამდე.

ულამაზესი ლურჯი თვალები აქვს ავთოს და ხორბლისფერი თმა, ახლა უკვე გაუთეთრდა.

ავთო იყო ჩემი მესაიდუმლე.

ბავშვობის ‘დაქალების’ ენატანიობით, ან რამე, სულელური კინკლაობით  ნდობადაკარგული, ბევრჯერ გადავუშლიდი ხოლმე გულს. ჩემი ყველა საიდუმლო იცოდა ავთომ… ვიცოდი ვერასდროს, ვერავის ეტყოდა . სხვა რა გზა ქონდა, დინჯად, მოთმინებით მისმენდა და ხანდახან წამოიძახებდა ‘ბაააა’ და გაიცინებდა. ასე ავკიდე ავთოს ჩემი ბავშვური, სულელური საიდუმლოებებით სავსე გუდა ტვირთად .

მოკლედ ახლა სულ იმ ოთახშია. მთელი დღეები ზის, კარებს უყურებს და ელოდება ვინმეს, მამაჩემს, დედას,  მე .. ან შეიძლება ,არც მელოდება და სხვა რამეებზე ფიქრობს, არ ვიცი. ის კი ვიცი, რო,  რო დამინახავს ბედნიერია იღიმის და ‘ ქ ქ ქ’ ისევ ისე  მეძახის .

ჭაღარა, ლურჯთვალება, გულუბრყვილო ბავშვია ავთო.  დიდი, ნათელი წერტილი.

ისიც ვიცოდი, რომ ავთოზე რაც არ უნდა დამეწერა, არ მომეწონებოდა.

ავთო ზუსტად ის არის, ვიზეც ყველაზე უფრო მერთულება და ყველაზე ბევრი მაქვს დასაწერი.

ეს იყო მცდელობა, ავთოზე დამეწერა.


გამოგონილ ქმარს, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა


ყოველთვის, როცა შენს გაოფლილ მაისურს ვრეცხავ, მე ვღიღინებ გერშვინს და ვხედავ, როგორ თავაშვებული მიექანება შენი სუნი მილებში.

ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ამას.

ეგ ზღარბები ტუჩებს მისისხლიანებს. მე მეშინია ჩემი ტუჩების სიწითლის.

ნუ ამბობ, რომ წითელი მიხდება.

წითელი წითელთან ქრება.

მირჩევნია სულელი მეძახო, ვიდრე თქვა. რომ პირველად იყო სიტყვა.

ყოველთვის, როცა თვალებმოწკურული ფერებს ვხედნი, ვგრძნობ, როგორ მწვანედ გადმოდის ზიზღი და ეჭვი შენი კანიდან. მიყვარს ამ დროს შენი მზერის დაჭერა და ღიმილით თქმა, რომ პირველად იყო ფერი.

მერე შენ ქვედა ტუჩს მოიჭამ და ჩემს ქმნილებას უმზერ. როცა ორ თითს ნიკაპს მოუჭერ და დუმხარ, მე ვხვდები, რომ მშორდები. ამიტომ სასწრაფოდ დაგიძახებ : ‘ძვირფასო, ნუ ანიჭებ ამხელა მნიშვნელობას ჩემს ნაჩხაპნს, არ ღირს ,მოდი, ჩაი დავლიოთ!’ შენ მოდიხარ და ვიწყებთ თამაშს: ჩვენ ვსაუბრობთ ჯოისზე, უიტმენზე, რა თქმა უნდა ფოლკნერზე.. შენ ბედნიერი ხარ ჩემით, მაგრამ საკმარისია ვახსენო ფერი, შენ მშორდები და დუმხარ.

დუმილია ფერი.

პირველად იყო ფერი.

მერე როცა დაღლილები შევცქერით ჭერს, შენი ნეკა თითი მოძებნის ჩემს ნეკა თითს და ნეკნი ნეკნს.

მერე ყურს მადებ გულზე, მუცელზე.  ჩემს მუცელს ეშინია შენი ყურის დადების და საუბრობს იმ ენაზე, რომელიც ჯერ ვერ შეისწავლა კაცობრიობამ.

მერე ცერა თითს ვიდებ პირში და დასაძინებლად ვემზადები. ხშირად მძინარე ტირილს ვიწყებ და მოვთქვამ, რომ კაენს უღალატეს მაშინ.

შენ მაფხიზლებ და მეხუტები. ვიცი ,ჩემი სიტყვების სიმძიმეს გრძნობ. შენი ხელები არტახებს გავს. მე მიყვარს თვალებდათხრილი ოიდიპოსი და ოიდიპოსის კომპლექსებით შეპყრობილი ქრისტე. მე მიყვარს ქრისტეს თაფლისფერი თვალები და წითური წვერი.

როცა წვერი გაქვს, ქრისტეს ემსგავსები. რა ლამაზი ხარ.

ყოველთვის, როცა სამზარეულოში შეექცევი ჩემს გამომცხვარ ნამცხვარს ,დანანებით ვუმზერ შენს ლოყაზე გამოზრდილ მოძრავ ბურთს. ნუ მთხოვ, რომ შენთან ერთად ვჭამო ნამცხვარი, გამოგიცხობ მხოლოდ და გიყურებ, როგორ ჭამ .მე, ნამცხვრის ცხობის პროცესი მიყვარს, შენ კი, წინ და უკან დადიხარ ოთახში და მოუთმენლად ელოდები შედეგს. ნუ გინდა, რომ ნამცხვარი ვჭამო, გამოგიცხობ მხოლოდ. მე მეშინია ჭამის შემდეგ ნაგრძნობი კმაყოფილების, მე ცარიელი თეფშის მეშინია.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ კაენს უღალატეს მაშინ.

გამაჩუმე.                 2007


მარსელ პრუსტის კითხვარი და მე


1.რა არის თქვენთვის  ბედნიერება

-არ ვიცი..  მგონი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ, უბრალოდ მაქვს წამები, ან წუთები, როცა მგონია, რო ვარ ბედნიერი. შეილება  ესაა ბედნიერება და მეტი არაფერი. ბედნიერება ალბათ არის ის, როცა უყვარხარ და გიყვარს ვინმე ერთი კაცი და გყავს ბევრი შვილი.

2.ხასიათის რომელი თვისება არ მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენში?

– უყურადღებობა, სიზარმაცე..

3.ყველაზე მეტად ხასიათის რომელი თვისება არ მოგწონთ სხვებში?

-ცინიზმი. ეს ერთადერთი რამეა, რაზეც კონტროლს ვკარგავ და ძაან აგრესიულად ვრეაგირებ.

4.ვინ არიან თქვენი საყვარელი მწერლები?

-ჯოისი,ჰამსუნი, უნამუნო,კამიუ, ბორხესი,ჩოხელი,დოჩანაშვილი, ქარჩხაძე..

5.რეალურ ცხოვრებაში ვინ არიან თქვენი გმირები?

-არ ვიცი, ვფიქრობ და არავინ მახსენდება. მგონი  რეალურ ცხოვრებაში გმირები არ მყავს.

6.რა შემთხვევაში იტყუებით?

-ძირითადად როცა რამე მეზარება, რამეს ვიგონებ და კიდე როცა სადმე ვაგვიანებ( სულ ვაგვიანებ).  დედაჩემმა მითხრა, რო როცა ტყუილს ვამბობ, თვალებს ბევრჯერ ვაფახულებ.

7.ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ თქვენს გარეგნობაში?

ელფივით წვეტიანი და გამოწეული ყურები და მათ ყოველთვის გრძელი თმებით ვმალავ. და კიდე მაღიზიანებს ეს შრამი ნეკნზე.

8.რომელ სიტყვებს თუ ფრაზებს იყენებთ ზედმეტად ხშირად?

-აუ.. ხოდა.. აი..  რავი.. ეეე..

9.ყველაზე მეტად რას ნანობთ?

-დაკარგულ დროს.

10.სად და როდის იყავი ყველაზე ბედნიერი?

-აუ, მართლა ვერ ვიხსენებ.

11.როგორია თქვენი ამჟამინდელი სულიერი მდგომარეობა?

-რთული. უფრო რას შევადარებდი იცი?  აი, გზაჯვარედინზე რო დგახარ და ერთი უბედურებაა ის რო არ იცი სად წახვიდე, და მეორე ის რო გეზარება სადმე წასვლა და არსადაც არ მიდიხარ.

12.რომელი თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად ადამიანში?

-ერთგულება.

13.ყველაზე მეტად რას აფასებ მეგობარში?

-იმას, რო ჩემი მეგობარია.

14.არჩევა რომ შეგეძლოთ, რისი ან ვისი სახით ისურვებდით ამქვეყნად მოვლენას?

აუ არ ვიცი.

15.როგორ ისურვებდი სიკვდილს?

-ავადმყოფობის გარეშე, უმტკივნეულოდ, უცებ.

16.უხამსი სიტყვა რომელსაც ხშირად იყენებ?

-ტრაკო. (არც ისე ხშირად ვიყენებ)

17.თქვენი საყვარელი წიგნი, ფილმი და მუსიკალური ნაწარმოები?

-წიგნები: ’ულისე’,’მისტერიები’,’ჰომო fაბერი’,’სამოსელი პირველი’,’პატარა უფლისწული’, ’წმინდა მანუელ სათნო წამებული’,’ქარავანი’… ფილმები:’გიორგობის თვე’, ’იყო შაშვი მგალობელი’ ’ნათება’, ’ანდრეი რუბლიოვი’, ’სტალკერი’,’სიბნელეში მოცეკვავე’, ’ცა ბერლინის თავზე,’თოჯინები’, ’ტოკიო’,’ამელი’,’თარგმანში დაკარგული’,’შემოდგომის სონატა’,…აუ მუსიკალური ნაწარმოებების ჩამოწერა მეზარება, ერთს დავწერ: ტომ უეითსი.

18.რას ნიშნავს შენთვის სამშობლო?

-მიწას, სადაც დავიბადე, სახლს, სადაც ვცხოვრობ, ხალხს, ვინც მიყვარს.

19.თქვენი დევიზი?

…ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.

20.თქვენი აზრით, რა არის უკიდურესი გაჭირვებული მდგომარეობა?

-როცა შენი არ ესმით. როცა სიყვარულს და სითბოს გასცემ და სანაცვლოდ ვერაფერს იღებ. როცა ვეღარ ხატავ.

21. თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები?

-წმინდა მანუელ სათნო,ექიმი რიე, პატარა უფლისწული, ძმები კეჟერაძეები, რემედიოს ბუენდია..

22. თქვენი საყვარელი მხატვარი?

ვან გოგი, გოგენი, რენუარი, მოდილიანი, კლიმტი, შიელე, შაგალი

23. თქვენი საყვარელი საქმიანობა?

-როცა გაუნძრევლად, ჩუმად ვზივარ და წყნარად,ჩემთვის ვსუნთქავ.  ხატვა. მიყვარს როცა საჭმელებს ვაკეთებ და  რამე ახალს ვიგონებ. კიდე ცეკვა და ფეხით სიარული.

24. თქვენთვის ნაცნობი რომელი ადამიანი გინდოდათ ყოფილიყავით?

-არავინ.

25. თქვენი ხასიათის მთავარი თვისება?

-ერთგულება.

26. რა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე დიდი უბედურება?

-საყვარელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალება.

27. როგორი გინდოდათ ყოფილიყავით?

-უფრო ლამაზი და უფრო ჭკვიანი

28. თქვენი საყვარელი ფერი?

-ყველა ფერი. ალბათ უფრო, მწვანე.

29. ყვავილი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?

-არ მიყვარს ყვავილები, უფრო სწორად, ყველა ერთნაირად მიყვარს.

30. თქვენი საყვარელი ფრინველი?

-ჩემი თუთიყუში თუთი და პატარა ყვითელი წიწილა

31. საყვარელი სახელები?

-ანნა, ქრისტინე , მაქსიმე,ლილუ

32. რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?

-რძეს და ხაშს

33. ისტორიული პიროვნება, რომელმაც თქვენი ზიზღი დაიმსახურა?

-ჰიტლერი

34. რეფორმა, რომელსაც თქვენ განსაკუთრებით უმაღლეს შეფასებას აძლევთ?

-ველოსიპედის გამოგონება

35. ნიჭი, რომელსაც გინდათ ფლობდეთ?

-მინდა შემეძლოს დროში მოგზაურობა და კიდევ ბავშვობიდან მინდა უჩინმაჩინის ქუდი, რო როცა მინდა და სადაც მინდა იქ შევიდე.

36. თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ მას თქვენთვის ეთქვა?

-ქრისტინე, კარგი გოგო ხარ.. მაბრაზებდი ხოლმე, მაგრამ, გოგო ხარ, ანგელოზი ხომ არა..