Tag Archives: ქრისტინესია

ქრისტეს


დამენახო, მინდა
დამენახო, იქნებ
უშენობა სტკივათ
სულში სტალაქტიტებს.
რა ვქნა, ჩემი ნეკნები
კანში რომ ვერ ეტევა..
შენი სუნთქვის სიშორე
მამცნო ძუძუს კერტებმა .
მოდი, ჩემი ლოცვების
ამოგიგებ საბანს
მოდი, როგორც მაშინ
ცრემლით ფეხებს დაგბან .
ეს ხრიოკი აღმართი
ავირბინოთ ერთად,
შენს გაშოლტილ ზურგზე
დავითვალოთ ხალები .
ანდა, დამალობანა

ვითამაშოთ ამ ბაღში..
ოღონდ ,
უნდა ვიცოდე ,
სადმე რომ მემალები .
დამენახო, მინდა
დამენახო, იქნებ
ესპანელო ,
ქართველო ,
ნანკინელო

ქრისტევ.

ჩემი კანის სინორჩე ,
ვერ მოვიდა ზეცამდე.
სუნთქვის უკმარისობა
მაპატიო, ეცადე.
მე, გავედი შინიდან,
მე, დავტოვე ბინა,
დღეს, შორიდან ვუცქერ
სხვის დაორთქლილ მინას.
დამენახო, მინდა
დამენახო, იქნებ
და შინიდან გასულს,
როგორც იქ, იმ ასულს,
ჩამჩურჩულო ასე:

ტალი ტაკუ …
ტალი ტაკუ …
გოგონავ, აღსდექ!

Advertisements

მეგი


ახლა, რო მითხრა,  გონებაში,  ოქროებით მოკაზმული  ბუდა  წარმოიდგინეო, წარმოვიდგენ და მას  აუცილებლად ბიცოლა მეგის სახე ექნება.

ტელევიზორთან მთვლემარეს, ვუყურებ ხოლმე და ვფიქრობ, როგორ გავს ბუდას. ბიცოლა ძალიან მსუქანია, თითებიც კი მრგვალი აქვს.  მხიარულია…როცა იცინის, კიდევ უფრო გავს ბუდას.

ახლაც, სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, საოცრად კმაყოფილი სახით, მშვიდად სძინავს ტელევიზორთან, მუცელზე თითებ-გადაჯვარედინებულს. თავისი განუყრელი  ოქროს სამკაულებით.

ღვთაებრივი სახე აქვს ბიცოლაჩემს.