ჩემი ‘თავისუფლების დღიური’


Изображение 007

14 ივლისი, კვირა

12 საათზე დედაჩემის ხმამ გამაღვიძა, ეკლესიიდან მოვიდა და ტრადიციული ლექცია წამიკითხა, რომ ძილისთვის ღამე შექმნა ღმერთმა.

დღეს კვირაა, მიყვარს კვირა დღე. ამ დღეს, ძირითადად, ჩემს ნაჭუჭში ვატარებ, სახელოსნოდან არ გავდივარ.

ქეთი ბერძენიშვილმა დამირეკა და მითხრა, რადიო თავისუფლებისთვის დღიური უნდა დაწეროო. გამიხარდა, ბავშვობიდან მიყვარს დღიურების წერა! ჩემს დღიურში, სადაც  ყოველდღიურ ემოციებზე და ფაქტებზე ვწერ, უკვე ჩავწერე ეს ამბავი.

მირჩა ელიადეს „მითის ასპექტებს“ ვკითხულობ უკვე თვეზე მეტია. რაც წიგნის მაღაზიაში მუშაობა დავიწყე, წიგნებს თითქმის ვეღარ ვკითხულობ. არადა თავის დროზე „ბიბლუსში“ მუშაობის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მეგონა, ბევრი დრო მექნებოდა კითხვისთვის. წიგნთან დამოკიდებულება შემეცვალა თითქოს. როცა აღწერა გვაქვს, ვაშლებივით ვითვლით წიგნებს, ან ლიმონათებივით. სანამ წიგნის მაღაზიაში მუშაობას დავიწყებდი, სულ ვამბობდი, რომ წიგნის ქურდი ქურდი არ არის, მაგრამ თვის ბოლოს, როცა დანაკლისს ითვლიან გოგონები და ისედაც სასაცილო ხელფასზე კიდევ თანხას გაჭრიან, ხვდები, რომ წიგნის ქურდიც ქურდია.

საღამოს მე და დედაჩემი სოფელში წავედით – მოხუცები უნდა ვნახოო, დედაჩემმა. ლამაზი სოფელია რიონი, დედაჩემი იქ გაიზარდა.  ორი მოხუცი ბებია მყავს: ნადია და ტუფა. ერთი 89 წლისაა, მეორე – ოთხი წლით უფროსი.

მთელი საღამო მოხუცებთან გავატარეთ. ვიჯექი და ვუსმენდი. ძირითადად, ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან იხსენებდნენ ამბებს: როგორ აშენდა ის სახლი, სადაც ახლა ცხოვრობენ, როგორ კრეფდნენ ჩაის კოლექტივთან ერთად… შემდგომი წლები თითქოს არც ყოფილა –  არც შვილის სიკვდილი… ვერც მე გამიხსენეს. სიკვდილზე უარესი რამეებიც არსებობს-მეთქი, გავიფიქრე.

წყალსაცავამდე ფეხით ვიარეთ მე და დედაჩემმა, საოცარი საღამო იყო, წლების მერე კიდევ უფრო ლამაზად რომ გაგახსენდება, ისეთი. თავის ბავშვობაზე მიყვებოდა დედაჩემი.

15 ივლისი, ორშაბათი

დილა  ყავით დაიწყო. ელექტრონულ ფოსტაზე ერთ-ერთი ამერიკული ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორის წერილი დამხვდა, ბიოგრაფიის და ნახატების ფოტოების გაგზავნას მთხოვს აგვისტოს ნომრისთვის. ძალიან, ძალიან გამიხარდა! ღმერთო, როგორ მინდა ამერიკაში!..

1 საათზე მე და გიგა მიქაძე ტელეკომპანია „რიონში“ ერთ-ერთი გადაცემის სტუმრები ვიყავით. თუ ქუთაისში არ ცხოვრობ და გინდა გაიგო, როგორია, როცა აქ ცხოვრობ, ჩართე ტელეკომპანია „რიონი“ და მიხვდები.

იქ მისულს კიდევ რამდენიმე სტუმარი დამხვდა. თემა იყო ქუთაისი და ქუთაისელები. ვინ აღარ გაიხსენეს!

ორად ორი ქუთაისელია, ვისი თანაქალაქელობითაც ვამაყობ: რეზო გაბრიაძე და რობი კუხიანიძე. ორივე იძულებული გახდა, გაქცეულიყო ამ ქალაქიდან. პრობლემებზე საუბარი დღეს არ გვინდაო, შენიშვნა მომცა წამყვანმა.

საღამოს ველოსიპედებით  გავედით ქალაქგარეთ მე და ჩემი მეგობარი ლევ ტუბეცკი. ველოსიპედი არის საუკეთესო რამ, რაც ადამიანის ტვინმა გამოიგონა. ბედნიერებაა, როცა მწვანეყვავილადან მოქრიხარ!   თავისუფალი ხარ: არც საწვავი, არც ფული. საერთოდ, არაფერზე არ ხარ დამოკიდებული.

სამი ნატვრა მაქვს. ერთი – ველოსიპედი – უკვე ავისრულე. ახლა ძალიან მაგარი ფოტოაპარატი და მოგზაურობა დამრჩა, მთელი მსოფლიო მინდა ვნახო. მოკლედ, ფული მჭირდება. ფული რომ არ მაქვს, ვერ მივდივარ ამერიკაში, მხოლოდ წერილებს ვაგზავნი.

16 ივლისი, სამშაბათი
უცხო ნომრის ზარმა გამაღვიძა. უცნაური ფობია მჭირს: უცხო ნომრების შიში. შიში ზუსტად ის სიტყვა არ არის, ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს, როცა უცხო ნომერს ვხედავ. ვფიქრობ, ვუპასუხო თუ არა.

ვიკა იყო, მერიიდან. აუცილებლად მოდი, შენი პროექტი ხელახლა განიხილებაო. უკვე უარი მითხრეს პროექტის დაფინანსებაზე-მეთქი. ეგ ძველმა მერმა გითხრაო. თურმე, ახალმა მერმა ყველა იმ პროექტის გადახედვა მოითხოვა, რომლებიც ძველმა უარყო.

ჩემი და როკო ირემაშვილის პროექტია „ძებნა“. როკოს ორი სკულპტურა:  „მეს ძიებაში“, „ნიჩბოსანი“, და ორიც ჩემი: „დაკარგული“ და „სამყაროს ცენტრი“.

რამდენიმე დღის წინ საკრებულოს სხდომაზე დამიბარეს და ერთ-ერთმა მოითხოვა დამესაბუთებინა, თუ რატომ ვთვლიდი, რომ ჩვენს ქალაქში აუცილებელია ზემოაღნიშნული ქანდაკებების დადგმა. ამ დრომ მეორემ დახედა „ნიჩბოსნის“ ფოტოს და, ჯომარდობა მეც მიყვარსო, იხუმრა. არა უშავს, არც მე მესმის პოლიტიკა-მეთქი. მითხრეს, რომ მოქანდაკე გიორგი კიკვაძემაც, რომელიც ამავდროულად საკრებულოს წევრია, დაიწუნა პროექტი და რომ სულ მალე თამარ მეფის ქანდაკების დადგმაა დაგეგმილი.

ვიკასთან შეხვედრის შემდეგ სახლში წამოვედი და ეს კადრი დამხვდა: დედაჩემი ზის მაგიდასთან,  გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ახალი ნომერი აქვს გადაშლილი და აღშფოთებულია. ხმამაღლა მიკითხავს კოშკას ლექსს და ტექსტს, რომელიც ამ ლექსს ახლავს –  ნახე, შენს მეგობარს რა დაუწერიაო?! გაგაგიჟებს ეგ გაზეთი-მეთქი, და ისიც ვუთხარი, რომ ამ ამბავზე დღიურში დავწერდი. რამდენიმე წლის წინ ზუსტად იმავე ტექსტით გაგვატანეს წყალს მე და ვაკო ნაცვლიშვილი ჩვენი უწყინარი ლექსების გამო.

ირაკლი ჩარკვიანის ლექსს ვიმეორებდი, დედაჩემზე ინტერპრეტირებულს:

გემუდარები, ნუ კითხულობ „ასავალ-დასავალს“, დედა!

17 ივლისი, ოთხშაბათი
დილით საჯარო ბიბლიოთეკიდან დარეკა მედეა ჩოგოვაძემ. ჩაის დღეზე  დაგვპატიჟა, თან ლილი ნუცუბიძეს გავიხსენებთ და მის ლექსებს წავიკითხავთო.

ძალიან ბევრი ხალხი იყო: მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, საზოგადოება „ქუთაისელი“, „ბაღის კიდე“…

სიტყვა მწერალ თეიმურაზ ლანჩავას მისცეს. კარგი საღამოაო, თემურმა. ხალხიც კარგიაო, ლილის შემოქმედებაცო, მაგრამ ამ ჩაის ვერ შევეგუეო. ლილისაც ღვინო უყვარდა და მეცო.

დიდხანს ვეღარ გავჩერდი და „ბიბლუსში“ ჩავედი. იქვეა, საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით. ახალგამოცემულ წიგნებს გადავხედე და იუნგის „ფსიქოლოგია და რელიგია“ შევიძინე ბარათზე დაგროვილი ქულებით. „ხელოვნების ამბისთვის“ ვაგროვებდი ქულებს, მაგრამ 50 ქულა ვინ იცის, როდის დამიგროვდება, ყიდვა მომიწევს.

ისევ ბიბლიოთეკაში ავედი, დედაჩემი მელოდებოდა. ქუთაისში, სხვა საზოგადოებებთან ერთად, გვაქვს ჯემალ ქარჩხაძის საზოგადოება.
ხშირად ვფიქრობ, ჯემალს რომ ამის შესახებ გაეგო, ნეტავ როგორი რეაქცია ექნებოდა?
18 ივლისი, ხუთშაბათი
საშინელ განწყობაზე გავიღვიძე. ვერც ყავამ მიშველა. 3 საათზე გიორგი ხასაიას უნდა შევხვედროდი რადიოში „ბიბლუსისთვის“ პროექტის დასაწერად. რუბრიკის გაკეთება გვინდა წიგნებზე. გადაცემას აუდიორეცენზიის სახე ექნება და მე წავიყვან. თუ დაგვაფინანსეს…

გზაში გაწვიმდა. ველოსიპედით ვიყავი და სულ დავსველდი. როგორც იქნა, სახლამდე მივედი. დაბალი წნევა მქონდა: 60-40-ზე. თან, მთელი დღე კუჭი მტკიოდა და უოლტერ ფაბერზე ფიქრი ვერ ამოვიგდე თავიდან, მთელი წიგნი რომ კუჭს გრძნობდა და ბოლოს კუჭის კიბოთი მოკვდა.

დედაჩემმა ჩემს გვერდით დაიძინა.

19 ივლისი, პარასკევი
მთელი დღე სახელოსნოში გავატარე. ახალ სერიაზე ვმუშაობ –  „დიალოგი“. ორი წლის წინ ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ვესტუმრე. ეს იყო საოცარი ერთი დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. გავიცანი მარინა, რომელიც საწოლში იჯდა, ფეხზე ადგომა არ შეეძლო. ყველაფერი, რაც ჭირდებოდა, საწოლის გარშემო, ხელის გაწვდენაზე ქონდა. პალატის კედლებზე ბევრი საათი ეკიდა.  როდესაც ამ საათებზე ვკითხე, მითხრა, ასე დრო სწრაფად გადისო.

შევხვდი ნანას, რომელმაც ბეჭედი მაჩუქა, ნატალიას, რომელსაც არაფრის გამო ვუყვარდი, ფიზიკის მასწავლებელ შალვას აფხაზეთიდან, რომელსაც დიდი, გამჭვირვალე მწვანე თვალები ჰქონდა და რომელიც მზის ყოველი ამოსვლისას ჰალსტუხს იკეთებს.

ამ ადამიანებს ვხატავ და გამოფენისთვის ვემზადები. მათ ჩემში ადამიანის სიყვარული გადაარჩინეს.

20 ივლისი, შაბათი
მზიანი დილაა, განწყობაც – შესაბამისი. 3 საათზე ქეთი მელოდება, ჩემი ერთი კვირის ნაცოდვილარი უნდა მივუტანო. ტექსტს გადავხედე. ჩემი დღეებიც ისეთივე მოსაწყენია, როგორიც სხვა დანარჩენის.

საღამოს, ალბათ, ველოსიპედით დავაბალანსებ ამ მოწყენილობას.

About qristinesia

ეს გვერდი ქრისტინესია. მინდა რასაც ვიფიქრებ, ჩავინიშნო . იმიტომ, რომ ფიქრები და სიტყვები მიფრინავენ, ნაწერი _ რჩება. View all posts by qristinesia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: