ავთო


დღეს ჩამოვედი სოფლიდან, იაკობის დაბადების დღე იყო. მთელი დღეა მუცელი მტკივა და სახეზე სანთლის ფერი მადევს.

ავთოს ვაკოცე და ისე წამოვედი. მთელი გზა ჩუმად ვიყავი და ვფიქრობდი, სხვები ლაპარაკობდნენ.  ავთო სოფელში ყველაზე უფრო მიყვარს და არ მეზარება, როცა ვკოცნი. ალბათ სოფელში მე ის  გამონაკლისი ვარ, ვინც ავთოს კოცნის.

ვიფიქრე და მგონი კარგი იქნება, ბიძაზე, ბიცოლაზე და ჩემებზე თუ დავწერ რამეს. საინტერესო ოჯახია, წიგნი შეიძლება დაწეროს კაცმა, ან ფილმი გადაიღოს. იდეალური ოჯახისგან შორს დგას, მაგრამ საინტერესო მართლა ეთქმის.

ბებია და ბაბუა უკვე ცოცხლები აღარ არიან. უზარმაზარ სახლში ბიძა, ბიცოლა და ბიძაშვილები,  თემო და იაკობი ცხოვრობენ.

და ავთო.  ავთოც ბიძაჩემია, მამაჩემის უფროსი ძმა.  ავთო იმ დიდ სახლში  არ ცხოვრობს, ცაკლე ოთახი აქვს ეზოში და სულ იქაა. ძირითადად ფანჯარასთან ზის. როცა სოფელში მივდივარ, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ზის და მელოდება. ფანჯარასთან ყოველთვის ზურგით ზის, კარებს უყურებს, შუქი ყოველთვის ზურგზე ეცემა და სახე  ჩრდილში აქვს, შავი კონტურებით ვკითხულობ ნაკვთებს, ოდნავ, ცხვირის კეხთან ეცემა შუქი. ვერ მოძრაობს ,კუნთების მილევა, თუ რაღაც დაემართა ყველაფერთან ერთად და მარილებმა სულ მთლად გააქვავეს.  მოკლედ, მე ვერ ვერკვევი ასეთ სამედიცინო ტერმინებში. ადრე, ბავშვობაში ჯოხით მახსოვს,  ნელ-ნელა, ძლივს დადიოდა. სახლის წინ გამოდიოდა და იქაც მთელი დღე იცდიდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს კადრები: მე, მამა და დედა ჩვენი ლურჯათი (მამაჩემის ლურჯ ’06’ ს ვეძახდით ასე) პიპინ-პიპინით ვუახლოვდებით სოფლის ჭიშკარს და იქ ავთო იცდის ჯოხზე დაყრდნობილი, ხმამაღლა , გულიანად იცინის, გაურკვეველი ბგერებით გამოხატავს სიხარულს და მამაჩემს  ‘ტტტ ‘ს დედას ‘გგგ ‘ ს და მე ‘ქქქ’ ს მეძახის….

ავთოს არასოდეს ვეძახდი ძიას.   ჯერ ‘ათო’  იყო და მერე ავთოა.

ბავშვობაში ბატონები გაუჯავრდა, თუ რაღაც, ზუსტად არ ვიცი, სოფელში ქუნთრუშას ეძახიან მგონი . მოკლედ ექიმის უყურადღებობით სიცხე ვერ დაუგდეს და სალაპარაკო ნერვი გადაეწვა. პირველ, თუ მეორე კლასში ყოფილა.მამას კარგად ახსოვს, როგორი იყო მანამდე.

ულამაზესი ლურჯი თვალები აქვს ავთოს და ხორბლისფერი თმა, ახლა უკვე გაუთეთრდა.

ავთო იყო ჩემი მესაიდუმლე.

ბავშვობის ‘დაქალების’ ენატანიობით, ან რამე, სულელური კინკლაობით  ნდობადაკარგული, ბევრჯერ გადავუშლიდი ხოლმე გულს. ჩემი ყველა საიდუმლო იცოდა ავთომ… ვიცოდი ვერასდროს, ვერავის ეტყოდა . სხვა რა გზა ქონდა, დინჯად, მოთმინებით მისმენდა და ხანდახან წამოიძახებდა ‘ბაააა’ და გაიცინებდა. ასე ავკიდე ავთოს ჩემი ბავშვური, სულელური საიდუმლოებებით სავსე გუდა ტვირთად .

მოკლედ ახლა სულ იმ ოთახშია. მთელი დღეები ზის, კარებს უყურებს და ელოდება ვინმეს, მამაჩემს, დედას,  მე .. ან შეიძლება ,არც მელოდება და სხვა რამეებზე ფიქრობს, არ ვიცი. ის კი ვიცი, რო,  რო დამინახავს ბედნიერია იღიმის და ‘ ქ ქ ქ’ ისევ ისე  მეძახის .

ჭაღარა, ლურჯთვალება, გულუბრყვილო ბავშვია ავთო.  დიდი, ნათელი წერტილი.

ისიც ვიცოდი, რომ ავთოზე რაც არ უნდა დამეწერა, არ მომეწონებოდა.

ავთო ზუსტად ის არის, ვიზეც ყველაზე უფრო მერთულება და ყველაზე ბევრი მაქვს დასაწერი.

ეს იყო მცდელობა, ავთოზე დამეწერა.

About qristinesia

ეს გვერდი ქრისტინესია. მინდა რასაც ვიფიქრებ, ჩავინიშნო . იმიტომ, რომ ფიქრები და სიტყვები მიფრინავენ, ნაწერი _ რჩება. View all posts by qristinesia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: